ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა: B ჯგუფიდან ბრძოლას აგრძელებენ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი.
ეს ჩოგბურთელები მესამე ტურში ერთმანეთს ხვდებოდნენ. ანდერსონს ორიდან ორი მოგება ჰქონდა, ფედერერს – მოგება და წაგება. გამარჯვების შემთხვევაში, როჯერი პირველი ადგილიდან ინაღდებდა ნახევარფინალში გასვლას.
ფედერერმა საათსა და 18 წუთში, ორ სეტში შეძლო მოგება – 6:4, 6:3. აღსანიშნავია, რომ ანდერსონს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – ექვსი ოთხის წინააღმდეგ, მაგრამ სამხრეთაფრიკელმა მხოლოდ ორი შანსი გამოიყენა, ფედერერმა კი სამი.
ასე რომ, შვეიცარიელმა პირველი ადგილი დაიკავა B ჯგუფში და სავარაუდოდ, აიცილა თავიდან ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან თამაში, რომელსაც თითქმის გარანტირებული აქვს A ჯგუფში პირველი ადგილი.