ამერიკის ქალაქ ცინცინატიში მიმდინარე „მასტერსზე“ მეორე წრე დაიწყო და ამ ეტაპიდან ჩაერთო ბრძოლაში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა პირველი მატჩი ჩაატარა მას შემდეგ, რაც ივლისში, უიმბლდონის მეოთხედფინალში ვერ შეძლო სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონის დამარცხება.
ლეგენდას პირველი საჰარდო მატჩი გერმანელი პეტერ გოიოვჩიკის წინააღმდეგ ჰქონდა და პირველ სეტში ოდნავ გაუჭირდა. გოიოვჩიკმა უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა (ხუთი სამის წინააღმდეგ), მაგრამ პარტიაში ერთადერთი ბრეიკი ფედერერმა შეასრულა და შეძლო სეტის მოგება.
მეორე სეტში შვეიცარიელმა დაალაგა თამაში საკუთარ მოწოდებაზე და გერმანელს ბრეიკ-პოინტი აღარ ჰქონია. ამ პარტიაში ყველაფერი ისევ ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ფედერერმა პირველივე გეიმში შეასრულა – 6:4, 6:4 საათი და 13 წუთის შემდეგ.
როჯერი მერვედფინალში არგენტინელ ლეონარდო მაიერს შეხვდება, რომელმაც ამ ტურნირზე ბრიტანელი ენდი მარეი დაამარცხა.