ფედერერი - ბავშვი რომ ვიყო, ნადალს ვუქომაგებდი და არა ჯოკოვიჩს
ფედერერი - ბავშვი რომ ვიყო, ნადალს ვუქომაგებდი და არა ჯოკოვიჩს

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა უპასუხა შეკითხვას, ბავშვი რომ იყოს, ვისი გულშემატკივარი იქნებოდა – რაფაელ ნადალის თუ ნოვაკ ჯოკოვიჩის?

„რა თქმა უნდა, რაფას ფანი ვიქნებოდი. ის ენერგიულია, აზარტული… იდეალური ბიჭია ახალგაზრდობისთვის. ძალიან ვაფასებ ორივეს, ისინი ბოლომდე იხარჯებიან კორტზე“, – განუცხადა Tennis World USA-ს ინტერვიუში ფედერერმა.

როჯერმა ასევე დაასახელა სამი საუკეთესო მატჩი თავის კარიერაში.

„2009 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის ფინალი რობინ სიოდერლინგის წინააღმდეგ. 2007 წლის უიმბლდონის ფინალი, როცა იქ ზედიზედ მეხუთედ გავიმარჯვე და, აგრეთვე, 2009 წლის ფინალი ენდი როდიკის წინააღმდეგ. ბოლო ორი მატჩი დაუჯერებილი იყო. ტრიბუნებზე ისხდნენ ბიორნ ბორგი და პიტ სამპრასი. იქ იყო ყველა ჩემი კერპი“.

როჯერ ფედერერი ემზადება წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის, რომელიც 11 ნოემბერს დაიწყება ლონდონში. ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიელის მეტოქეები იქნებიან: კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა), დომინიკ ტიმი (ავსტრია) და კეი ნიშიკორი (იაპონია).