ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში ბრალდებულის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა
ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში ბრალდებულის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა

უკანონოდ მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ბრალდებით დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა. საუბარია გუშინდელ განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ სოლომნიშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი დღეს შეიტანა, სააპელაციო სასამართლოს კი, სავარაუდოდ ხვალ დილით გადაეგზავნება.

ღურწკაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ფარული ვიდეო ჩანაწერის „იუთუბზე” ატვირთვას ედავება, თუმცა სოლომნიშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მან ვიდეო სხვა პირების მსგავსად, ფეისბუქის პირად შეტყობინებაში მიიღო.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განჩინება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. არ არსებობდა არც მოწმეებზე ზემოქმედების, არც მიმალვის და არც ახალი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საქმე. მიუხედავად ამისა, ის სასამართლომ მაინც დააპატიმრა. ჩვენ დღეს გავასაჩივრეთ საგამოძიებო კოლეგიაში და დაველოდებით მათ პასუხს. ფარული კადრები სოლომნიშვილს მოუვიდა მესინჯერში, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი ტელეფონი, სადაც ეს ვიდეომასალა იყო. მაგრამ ის, რომ „იუთუბზე” მან ატვირთა, ამის მტკიცებულება საქმეში პრაქტიკულად არ არის და მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია”,- განაცხადა ადვოკატმა.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერის საქმეზე სულ 17 პირი დააკავეს, მათგან სამი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში იმყოფება, 14 კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.