ფარიკაობის მსოფლიო ფედერაციის რეიტინგში ლიკა ჯიჯეიშვილი 50 საფეხურით დაწინაურდა
„მოსკოვის ხმალი 2018“-ის შემდეგ, ფარიკაობის მსოფლიო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
ხმლით მოფარიკავე ქალთა შორის 18 წლის ლიკა ჯიჯეიშვილი „მოსკოვის გრან პრიზე“ მე-14 ადგილზე გავიდა და 12 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. გასული სეზონი ლიკამ 126-ე პოზიციაზე დაასრულა. დღევანდელი მონაცემებით კი 50 საფეხურით დაწინაურდა და 76-ეა.
საქართველოს ნაკრების წევრებიდან საუკეთესო შედეგი ევროპის 2017 წლის ჩემპიონს, თეოდორა კახიანს აქვს, რომელიც 28-ე ადგილზეა.
ვაჟთა შორის 6-6 ქულა მოიპოვეს ბექა და სანდრო ბაზაძეებმა. სანდრომ რეიტინგში 20-ე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ბექამ 13 პოზიციით წინ წაიწია და 54-ე ადგილზეა. საქართველოს ნაკრების სხვა წევრთაგან: მიხეილ მარდალეიშვილი 82-ე, საბა სულამანიძე 133-ე, ნიკა შენგელია კი 261-ე ადგილებზე არიან.
„მოსკოვის ხმალი 2018“-ის შემდეგ, ქართველი ხმლით მოფარიკავე ვაჟები მოსკოვში დარჩნენ და მწვრთნელების, მერაბ ბაზაძისა და ალექსანდრ ტორჩუკის ხელმძღვანელობით, ერთობლივ შეკრებას განაგრძობენ, ხუთშაბათს კი მადრიდში გაემგზავრებიან, სადაც 18-20 მაისს მსოფლიო თასი Villa de Madrid ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრში გაიმართება.
ესპანეთის დედაქალაქში საქართველოს სახელს სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე და ნიკა შენგელია დაიცავენ.
ინდივიდუალური ასპარეზობა 18-19 მაისს, ხოლო გუნდური შეჯიბრი 20 მაისს გაიმართება.