ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად მერაბ ბაზაძე აირჩიეს 
ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად მერაბ ბაზაძე აირჩიეს 

მერაბ ბაზაძე საქართველო ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს – ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე, მას მხარი დელეგატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭრა.

ყრილობის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები იყო:
1. პრეზიდენტის განცხადების განხილვა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, 2. წესდებაში ცვლილებების შეტანა, 3. პრეზიდენტის არჩევა, 4. გამგეობის არჩევა

ხმის უფლება 47 დელეგატს ჰქონდა, ყრილობას კი 40 დაესწრო და ყველამ ერთხმად, მხარი მერაბ ბაზაძის პრეზიდენტად ორი წლით არჩევას დაუჭრა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გამგეობაში 19 პირი შევიდა, მათ შორის, ახლად არჩეული პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე, საპატიო პრეზიდენტი იური ოსიპოვი, პრეზიდენტის მრჩეველი არჩილ გოგელია და ვიცე-პრეზიდენტები, ირინე სხირტლაძე და როსტომ აბაშიძე, ასევე, გენერალური მდივანი ნინი ჯერენაშვილი, რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტები და ვეტერანი სპორტსმენები.

ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე პირველ არხთან ამბობს, რომ ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევს – „ყრილობაზე არც განიხილეს, რომ 5 სექტემბერს ბაზაძე პრეზიდენტად დაარეგისტრირეს და არა – მოვალეობის შემსრულებლად. საკითხი კი დღემდე არ გამოსწორებულა. საჯარო რეესტრიდან შესწორება ორჯერ გაუგზავნეს, მაგრამ მაინც დაწერეს, რომ ეს იყო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. მე ის კაცი არ ვარ, ყრილობაზე მივსულიყავი და კვერცხები მესროლა. მაგრამ ეს უკანონო ყრილობა იყო და სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს. ისიც ტყუილია, თითქოს, საერთაშორისო ფედერაცია ჩემს თანამდებობაზე არჩევას კრძალავს – მაჩვენონ ეს წერილი“.

პირველ არხთან კომენტარი მერაბ ბაზაძემაც გააკეთა: „რეგისტრაციის დროს შეცდომა ნამდვილად იყო დაშვებული, რომელიც გამოსწორდა, დღეს კი ყრილობაზე გადაწყვეტილება ერთხმად იყო მიღებული. სამწუხაროდ, ისრაელში მომხდარი ინციდენტის გამო, ზაზა მჭედლიძეს საერთაშორისო ფედერაციის მიერ, საქმიანობა 2021 ​წლამდე აკრძალული აქვს. ის ჩემი მეგობარია და ყველანაირად ვცდილობთ, რომ საერთაშორისო ფედერაციამ ეს სასჯელი შეუმსუბუქოს და ფარიკაობაში დროზე დაბრუნდეს. ზაზა გამოცდილი სპეციალისტია და არავის ხელის კვრა ჩვენ არ გვსურს“.