ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე - გულშემატკივრებს უფრო დიდ სიურპრიზს ვუმზადებ #1TVSPORT
სანდრო ბაზაძემ თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ხმლით მოფარიკავემ შეჯიბრების შესახებ კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა:
„რა თქმა უნდა, წაგებას არ ველოდი, მაგრამ ასეც ხდება. მცირე ტრავმა მაწუხებდა და სასურველ ფორმაში არ ვიყავი. მიუხედავად ამისა, ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე და, ჩემი აზრით, ეს ნორმალური შედეგია, რადგან ოლიმპიურ ლიცენზიას მივუახლოვდი – ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა.
დიდი მადლობა გულშემატკივრებს, კარგი იქნებოდა, დღეს მომეგო და სპორტის სასახლეში მოსული ქომაგი გამეხარებინა, მაგრამ მათ უფრო დიდ სიურპრიზს ვუმზადებ და მინდა, ისინი ბევრჯერ გავახარო“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას სანდრო ბაზაძემ.
თბილისის სპორტის სასახლეში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის ეტაპზე პლანეტის ნომერ პირველმა მოფარიკავემ ნახევარფინალში დაძაბული შეხვედრა ირანელ სპორტსმენთან 13:15 წააგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გამარჯვებული კი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი გახდა.