ფარერის კუნძულების ჩემპიონატი სახალისოდ დაიწყო - ფეხბურთელებს უსაფრთხოება დაავიწყდათ და გოლი ძველებურად აღნიშნეს
ფარერის კუნძულების ჩემპიონატი სახალისოდ დაიწყო - ფეხბურთელებს უსაფრთხოება დაავიწყდათ და გოლი ძველებურად აღნიშნეს

პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ ფარერის კუნძულებზე დაწყებულ სეზონს წერილი მიუძღვნა და ამ ეგზოტიკურ ჩემპიონატის პირველ ტურში მომხდარი საინტერესო და სახალისო ფაქტები გამოამზეურა.

„ევროპული ფეხბურთი შოტლანდიასა და ისლანდიას შორის მდებარე კლდოვან არქიპელაგში დაბრუნდა. შეზღუდვები მაინც რჩება და მოედნის 22 მოთამაშის ჩათვლით, სტადიონზე 50-ზე მეტი ადამიანი არ დაიშვებოდა. თუმცა, ფარერის კუნძულებზე ფეხბურთი „კოვიდ-19-ის“ გარეშე დაბრუნდა. ქვეყნის მთავრობამ კუნძულები „კოვიდ-19-ისგან“ სრულიად თავისუფლად გამოაცხადა. სულ ვირუსი 187 მაცხოვრებელს დაუდასტურდა, ბოლო შემთხვევა კი 22 აპრილს დაფიქსირდა. ახლა ყველამ გამოჯანმრთელდა, არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა“, – წერს „გარდიანი“.

„როგორც ერმა, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი გაკეთებაც ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. როგორც საზოგადოება, ჩვენ უნდა ვიყოთ ამაყი იმით, რასაც მივაღწიეთ. ჩვენ მალე შეგვიძლია ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ბარდურ სტიგ ნილსენმა.

საინტერესოა, რომ ფარერების ჩემპიონატის ფავორიტების მატჩში გატანილმა გოლმა მოთამაშეები ისე გაახარა, წარმატების აღნიშვნისას დისტანციის დაცვა დაავიწყდათ: „ჩემპიონატი გასული სეზონის ლიდერებმა გახსნეს. „კლაკსვიკმა“ „ბ36 ტორსჰავნს“ უმასპინძლა, რომელთა შეხვედრამაც ბოლო ტურში, გასული წლის ოქტომბერში, პრემიერლიგის გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა. ამ მატჩს სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი, 6 000 ადამიანი დაესწრო. ეს ფარერის კუნძულების მოსახლეობის დაახლოებით 11.5%-ია. მაშინ „ტორსჰავნი“ საკუთარ მოედანზე ანგარიშით – 0:3 დამარცხდა. ახლა კი კლაკსვიკში 2:0 მოიგო. ფეხბურთელებს დაავიწყდათ ფიზიკური დისტანციის დაცვა, როდესაც თამაშის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე სტუმართა დანიელმა თავდამსხმელმა სებასტიან პინგელმა მასპინძელთა კარში პირველად გაიტანა – სტუმრებმა გოლი ისე აღნიშნეს, როგორც კორონავირუსის გამოცხადებამდე აკეთებდნენ.“

„ეს უცნაური განცდა იყო. არ ვიცოდი, სიხარულის გამოსახატად სად გავქცეულიყავი. თავდაპირველად კუთხურის ალმისკენ გავიქეცი, მაგრამ გამახსენდა, რომ გულშემატკივარი არ იყო, ამიტომ უბრალოდ ხმამაღლა დავიყვირე“, – ამბობს პინგელი, რომლის მამა ფრანკ პინგელიც 1988-89 წლების სეზონში „ნიუკასლში“ თამაშობდა.

„გარდიანი“ წერს, რომ სტადიონზე ისმოდა ყოველი სიტყვა, რომელსაც ფეხბურთელები და მწვრთნელები იძახდნენ: „იყო შიში, რომ გულშემატკივრები სტადიონთან ახლოს შეიკრიბებოდნენ ან სტადიონის გარშემო სახლებში, მაგრამ ექიმების რჩევა ბევრმა გაითვალისწინა და მატჩებს ტელევიზიით და ინტერნეტით უყურებდნენ. ამავე დროს, ფარერების ლიგის თამაშებს პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის ტელევიზიები.“