ფაქტობრივად დადასტურდა - იბრაჰიმოვიჩი ძირითადში მხოლოდ ესპანეთთან იქნება #1TVSPORT
შვედეთის ნაკრებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიბრუნა მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულის ბედი წყდება, მაგრამ, ფაქტობრივად დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ შვედი ვარსკვლავი ბათუმში 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.
„ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო იძულებული გახდა ეროვნული ნაკრების ბოლო შეკრება გამოეტოვებინა, მაგრამ ახლა ვარსკვლავი დაბრუნდა. სასტარტო შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით იანე ანდერსონმა აღნიშნა, რომ 40 წლის ფეხბურთელი ორივე დარჩენილ მატჩში 90 წუთს არ ითამაშებს, მაგრამ ესპანეთთან ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იქნება“, – ამტკიცებს შვედური გამოცემა aftonbladet.
ზლატანის დაბრუნება ესპანეთს აშინებს. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზლატანის გუნდში ყოფნით გაკვირვებულია.
„მიკვირს, რომ ზლატანი ისევ ნაკრებიშია – არა ხარისხის, არამედ ასაკის გამო. ის უნიკალური მოთამაშეა, რომელიც აშინებს მეტოქეს და ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზეა. მე ვნახე „რომას“ წინააღმდეგ, სადაც მაღალ დონეზე ითამაშა. ეს, რა თქმა უნდა, შვედეთს გააძლიერებს. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი განეიტრალება“, – ამბობს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
„ლურჯ-ყვითლებმა“ (შვედებმა) ესპანეთთან პირველი შეხვედრა 2:1 მოიგეს. 14 ნოემბერს სევილიაში გამართული ბოლო მატჩი გადამწყვეტი იქნება. ლუის ენრიკე ფიქრობს, რომ უპირატესობა ესპანეთს აქვს:
„პირველი მატჩის მოგებას ვიმსახურებდით. ახლა სახლში ვთამაშობთ. გულშემატკივრები ტრიბუნებზე დაბრუნდნენ, რაც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება“.
ფიფა-ს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩი საქართველოსა და შვედეთს შორის 11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრაზე გულშემატკივრები დაუშვეს და „აჭარაბეთ არენაზე“ სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი რაოდენობა დაიშვება. საქართველო-შვედეთის დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.