ფანებს მხოლოდ ბოდიში შეგვიძლია მოვუხადოთ - არველაძის „ჰალი“ სეზონში პირველად დამარცხდა #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონშიფის ახალ სეზონში შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ პირველი და ძალიან მტკივნეული მარცხი განიცადა – გუნდი „ვესტ ბრომვიჩს“ ესტუმრა და 5:2 წააგო.
„ვესტ ბრომვიჩმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, 79-ე წუთისთვის კი 4:0 დაწინაურდა. არველაძის გუნდიდან ამის შემდეგ ოსკარ ესტუპინანმა დუბლი შეასრულა, მაგრამ „ჰალმა“ ბოლოს ერთი კიდევ გაუშვა და დიდი ანგარიშით წაგებას თავი ვერ დაააღწია.
ქართველმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მეტოქე უკეთესი იყო და გამარჯვება დაიმსახურა:
„4:0-ზე გვინდოდა რაღაცის გაკეთება, რომ ნაკლებად რთული და ნაკლებად მტკივნეული წაგება ყოფილიყო. მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. არადა, წინა ტურის შემდეგ მათ მოსამზადებლად ერთი დღით ნაკლები ჰქონდათ. ასე რომ, ჩვენ მათზე უკეთ უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დღეს მეტოქემ უკეთესად ითამაშა. ცუდი მატჩისთვის დღეს ჩვენ მხოლოდ ბოდიში შეგვიძლია ფანებს მოვუხადოთ“, – განაცხადა არველაძემ.
ამ წაგების შემდეგ „ჰალ სიტი“ 8 ქულით დარჩა და პირველიდან მეექვსე პოზიციაზე დაქვეითდა, პირველზე კი „შეფილდ იუნაიტედმა“ (10 ქულა) გადაინაცვლა, რომელმაც „ბლეკბერნი“ 3:0 დაამარცხა.
შოთა არველაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 27 აგვისტოს ჩემპიონშიფში გამართავს და საკუთარ სტადიონზე „ქოვენთრის“ უმასპინძლებს.