ფანცულაიამ დებიუტი გოლით აღნიშნა - „კასპიიმ“ სეზონი მარცხით დაიწყო #1TVSPORT
„კასპიიმ“ სეზონი მარცხით დაიწყო – ყაზახეთის პრემიერლიგის პირველ ტურში კახა ცხადაძის გაწვრთნილები მის ყოფილ კლუბს, „ორდაბასის“ ესტუმრნენ და 1:3 წააგეს.
გიორგი ფანცულაია „კასპიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და თავი გოლით გამოიჩინა. ჯაბა ჯიღაური კი კახა ცხადაძემ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე 56-ე წუთზე შეუშვა.
აქტაუს გუნდმა ყაზახეთის პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრა სტუმრად ჩაატარა. „ორდაბასი“ პირველივე ტაიმში დაეუფლა უპირატესობას და 66-ე წუთზე 3:0-ს იგებდა. 73-ე წუთზე ფანცულაიამ სადებიუტო შეხვედრაში თავი გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 მასპინძლების სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე ყაზახური კლუბის მთავარ მწვრთნელად დეკემბერში დაინიშნა და ბათუმის „დინამოდან“ გიორგი ფანცულაია და ჯაბა ჯიღაური დაიმატა.