ქართველი ცენტრის მორიგი წარმატებული მატჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” საკუთარ “ორაკლ არენაზე” “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” უმასპინძლა და მეტოქეს 117-106 სძლია. ქართველი ცენტრი კი საკუთარ გუნდში ერთადერთი კალათბურთელი გამოდგა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა. ზაზამ მოედანზე გატარებულ არასრულ 24 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი (50.0%) და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო (66.7%). სტივ კერის გუნდში ყველაზე შედეგიანი 26 ქულით კევინ დიურანტი გამოდგა. ნიკ იანგის ანგარიშზე 18 ქულაა. ლოს ანჯელესელთა შორის კი ჯულიუს რენდლი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჩაიწერა პირად აქტივში. 20-20 ქულა ჰქონდათ ბრუკ ლოპესსა და აიზეა ტომასს.
ორლანდო – მილუოკი 126-117
ბოსტონი – ვაშინგტონი 124-125
საკრამენტო – მაიამი 123-119