ფაჩულიას ერთერთი საუკეთესო მატჩი და "გოლდენ სტეიტის" მორიგი მარცხი (ვიდეო)
“პორტლენდთან” წაგებული მატჩის შემდეგ ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” სტუმრად მორიგი მატჩი ამჯერად “მინესოტას” წინააღმდეგ გამართა და 6 ქულის სხვაობით 109-103 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა “გოლდენ სტეიტის” შემადგენლობაში კი ერთერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 25:27 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე ორმაგი დუბლი გაიფორმა: 16 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება (ვიდეო). ფაჩულიამ 9-დან 7 ორქულიანი (77.8%) და 3-დან 2 საჯარიმო (66.7%) ჩააგდო, ხოლო ბურთი მეტოქის ფარზე ოთხჯერ მოხსნა.
“გოლდენ სტეიტის” რიგებში ორმაგი დუბლი ზაზასთან ერთად მხოლოდ კევინ დურანტმა შეასრულა, რომელიც ორივე გუნდს შორის საუკეთესო იყო – 39 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება. შედეგიანობის მხრივ, ზაზა კევინის გარდა, მხოლოდ კლეი ტომპსონს ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში. მასპინძელთა რიგებში გამორჩეული კარლ-ენტონი თაუნსი (31 ქულა) და ენდრიუ ვიგინსი (23 ქულა) იყვნენ. აღსანიშნავია, რომ “ვორიორსის” ლიდერი, სტეფ კარი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდათ.
ეს “გოლდენ სტეიტის” ზედიზედ მეორე მარცხია და დასავლეთ კონფერენციაში სტივ კერის გუნდი ისევ მეორე ადგილზე იმყოფება. “უორიორზი” მომდევნო მატჩს 15 მარტს, შინ “ლეიკერსთან” ჩაატარებს.
ნიუ იორკი – ტორონტო 106-132
ატლანტა – ჩიკაგო 122-129
ნიუ ორლეანი – იუტა 99-116
დენვერი – საკრამენტო 130-104
დალასი – ჰიუსტონი 82-105
ბოსტონი – ინდიანა 97-99
ბრუკლინი – ფილადელფია 97-120
ლეიკერსი – კლივლენდი 127-113