ფაჩულიას 11 ქულა ტორონტოსტან მოგებულ შეხვედრაში, ანტეტუკონმპოს კარიერის მატჩი ფილადელფიას წინააღმდეგ
10:41, 18.03.2019
36-ე გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე რეგულარულ სეზონში დეტროიტმა. „პისტონსმა“ საკუთარ მოედანზე აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი და ფავორიტი, ტორონტო „რეპტორსი“, დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 110-107 დაამარცხა. აღნიშნულ გამარჯვებაში 11-ქულიანი წვლილი ზაზა ფაჩულიამ შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 13 წუთი დაჰყო და 11 ქულასთან ერთად, სამი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. თანაბარი შეხვედრის გარდამტეხი მომენტი ბოლო ორი წუთი გამოდგა, როდესაც მასპინძლებმა 10-2 გაქცევა გააკეთეს. დამაჯერებელი იყო ჯექსონი-გრიფინი-დრამონდის ტრიო. გრიფინის ანგარიშზე 25 ქულაა. ჯექსონმა „პისტონსს“ 20 ქულა შესძინა, ხოლო დრამონდმა მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 17 ქულა და 15 მოხსნა. სტუმართა შორის საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, 33 ქულით და 10 მოხსნით. დეტროიტს ამ ეტაპზე 36 მოგება და 33 წაგება აქვს. დუეინ კეისის გუნდი მე-6 ადგილზეა და დიდი ალბათობით წელს პლეი-ოფში ითამაშებს.
იანის ანტეტუკონმპომ პირადი კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. წლევანდელი რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მიღების მთავარმა კანდიდატმა ფილადელფიას 52 ქულა ჩაუგდო, რასაც 16 მოხსნა, შვიდი პასი, ორი ჩაჭრა და ერთი დაფარებაც დაუმატა. ბერძენი კალათბურთელის ფენომენალური სტატისტიკის მიუხედავად, მილუოკიმ საშინაო მარცხი განიცადა, ანგარიშით 125-130. სტუმართა შორის შეუჩერებელი იყო ჯოელ ემბიდი. კამერუნელმა ცენტრმა 40 ქულა, 15 მოხსნა, ექვსი შედეგიანი გადაცემა, სამი ჩაჭრა და ერთი ბლოკშოტი გაიფორმა. გადამწყვეტ მომენტებში ფილადელფიელებს ჯიმი ბატლერმაც ულიდერა, რომელმაც საბოლოო ჯამში 27 ქულა მოაგროვა. ფილადელფიამ ამ გამარჯვების შემდეგ ინდიანა „პესისერსს“ გადაასწრო და მესამე ადგილზე გადავიდა. „ბაქსი“, მარცხის მიუხედავად, აღმოსავლეთი კონფერენციის და მთლიანად რეგულარული ჩემპიონატის ლიდერად რჩება.