ფაბრიციო რომანოსა და L'Equipe-ის ცნობით, გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამშია, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე ამჟამად ამსტერდამში იმყოფება, რათა „აიაქსში“ ტრანსფერი დაასრულოს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის მტკიცებით, გიორგიმ სამედიცინო შემოწმება „აიაქსში“ უკვე გაიარა და კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს.
ქართველმა თავდამსხმელმა „აიაქსში“ გადასვლით უარყო წინადადებები ინგლისიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. ამის შესახებ წერილს voetbalprimeur-ი აქვეყნებს.
მიქაუტაძის შეძენა „რენს“, „ლიონს“, „ტოტენჰემსა“ და იტალიის ერთ-ერთ კლუბს სურდათ, თუმცა მან არჩევანი „აიაქსზე“ შეაჩერა და ნიდერლანდების წამყვანი კლუბი მის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს გადაიხდის.
ეს თანხა რამდენიმე მილიონით შეიძლება გაიზარდოს დროთა განმავლობაში, რადგან კონტრაქტით ბონუსებია გათვალისწინებული. „აიაქსთან“ უკვე შეთანხმებულია ფეხბურთელის პირადი ხელშეკრულების დეტალებიც.
Voetbal International-ი წერს, რომ ამსტერდამელები „ატლანტა იუნაიტედიდან“ არგენტინელ ტიაგო ალმადას აღარ შეიძენენ. მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს სამხრეთამერიკელი შემტევი ძალიან მოსწონდა, თუმცა ის ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა.