ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „არსენალმა“ დეკლან რაისის ტრანსფერი დახურა #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ვესტ ჰემი“ „არსენალის“ შეთავაზებას დათანხმდა და ინგლისის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი დეკლან რაისი კარიერას „მეთოფეების“ რიგებში გააგრძელებს.
კლუბებს შორის ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. „არსენალი“ რამდენიმე კვირის წინაც ახლოს იყო ტრანსფერის შეთანხმებასთან, თუმცა „მანჩესტერ სიტი“ გამოჩნდა და „ვესტ ჰემს“ საკუთარი შეთავაზება გაუგზავნა.
რომანოს განცხადებით, „არსენალი“ დეკლან რაისის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს გადაიხდის, ხუთი მილიონი ფუნტი კი სხვადასხვა ბონუსით იქნება გათვალისწინებული.
კლუბებს შორის მხოლოდ ერთი საკითხი დარჩა გადასაწყვეტი. „არსენალს“ სურს, სატრანსფერო თანხა ოთხი წლის მანძილზე ეტაპობრივად გადაიხადოს, ხოლო „ვესტ ჰემი“ მის მიღებას მომდევნო 18 თვის განმავლობაში ითხოვს. დიდი ალბათობით, ამ მხრივაც შეთანხმება რამდენიმე საათში შედგება.
დეკლან რაისი აღმოსავლეთ ლონდონის გუნდის რიგებში 2017 წლიდან ირიცხება. უკანასკნელ სეზონში იგი „ვესტ ჰემის“ კაპიტანიც გახდა და 58 წლის შემდეგ გუნდს პირველი ევროპული ტიტულის მოგებაში დაეხმარა. რაისს ინგლისის ნაკრებში 43 მატჩი აქვს ჩატარებული. 2021 წელს მან ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა, სადაც ინგლისი იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.