ფაბრიციო რომანო - „ნაპოლი“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას არ გაუშვებს #1TVSPORT
„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას წელს არ გაუშვებს. გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მიიღო, – ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„დე ლაურენტისი ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს. პრემიერლიგის კლუბებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესის მიუხედავად, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, რადგან მოსალოდნელია ვიქტორ ოსიმენის წასვლა. კლუბი კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას მალე შეეცდება“, – ამტკიცებს ფაბრიციო რომანო.
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით „არეა ნაპოლიმაც“ დაწერა:
„თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კვარაცხელიასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება არ იქნება, „ნაპოლი“ მას არ გაუშვებს. პირიქით, კლუბს გასული წლის ჩემპიონატის ვარსკვლავთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ამჟამინდელ ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულში იწურება.
ქართველის შეძენით პსჟ და ბრიტანული კლუბები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. როგორც ჩანს, ნაპოლი“ ზაფხულში ვიქტორ ოსიმენს დაემშვიდობება“.