ფაბრიციო რომანო - „ლივერპული“ მამარდაშვილის აგენტს და „ვალენსიას“ ხელმძღვანელობას ესაუბრა #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - „ლივერპული“ მამარდაშვილის აგენტს და „ვალენსიას“ ხელმძღვანელობას ესაუბრა #1TVSPORT

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთ ინფორმაციას აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ქართველი მეკარის „ლივერპულში“ გადასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

იტალიელმა ჟურნალისტმა დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ „ლივერპული“, ქართველის დამატების შემთხვევაში, მას დაუყონებლივ იჯარით გაუშვებს, მაგრამ არა ინგლისის პრემიერლიგის კლუბში, არამედ, „ვალენსიაში“.

„მიუხედავად იმისა, რომ ალისონ ბეკერი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, „ლივერპული“ ახალ მეკარეს კვლავ ეძებს – აქედან გამომდინარეობს მათი ინტერესი მამარდაშვილის მიმართ, რომელსაც „ენფილდზე“ გადასვლა სურს.

მერსისაიდელების ინტერესი 23 წლის ფეხბურთელის მიმართ კონკრეტულია – ინგლისელები საქართველოს ნაკრების მეკარის აგენტს და „ვალენსიის“ ხელმძღვანელობას ესაუბრებიან. შემიძლია, დავადასტურო, რომ ეს მოლაპარაკებები გრძელდება.

„ლივერპულის“ გადასაწყვეტია, მიმართავს თუ არა ესპანურ კლუბს მამარდაშვილის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით. თუ შეთანხმება შედგება, მამარდაშვილს იჯარით გაუშვებენ, რადგან მას მეორე მეკარის სტატუსი არ სურს.

ეჭვგარეშეა, რომ „ლივერპულის“ პირველი მეკარე მომავალ სეზონშიც ალისონი იქნება, მაგრამ მამარდაშვილის ტრანსფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია. ვნახოთ, ინგლისური კლუბი რას გადაწყვეტს“, – განაცხადა რომანომ YouTube-ის საკუთარ არხზე.