ფაბრიციო რომანო - კვარაცხელია „ნაპოლის“ ახალი სეზონიდან შეუერთდება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ახლოსაა იმასთან, რომ მომავალ სეზონში „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდეს, – საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს ფაბრიციო რომანო, ცნობილი ჟურნალისტი, რომლის ინფორმაციაც სანდოა.
რომანოს ცნობით, „ნაპოლიმ“ კვარაცხელიასთან კონტრაქტის საბოლოო დეტალები შეათანხმა და ფეხბურთელიც ტრანსფერზე თანახმაა. წყაროს ცნობით, ქართველი ნეაპოლელებთან ახალი სეზონიდან ითამაშებს.
„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასა და მატიას ოლივერას კონტრაქტები მომავალი სეზონისთვის დაასრულა. „ტოტენჰემის“ ყოფილი სამიზნე კვარაცხელია, როგორც მოსალოდნელი იყო, მზადაა „ნაპოლის“ შეთავაზება მიიღოს. „ნაპოლი“ ასევე მუშაობს „ხეტაფესთან“ ურუგვაელი მარცხენა მცველის ტრანსფერის დასასრულებლად“, – წერს ფაბრიციო რომანო.
ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ 2022 წლის 31 მარტიდან ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტის შეჩერების შემდეგ თამაშობს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა საქართველოს ჩემპიონატში ორი მატჩი უგოლოდ ჩაატარა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეაპოლური კლუბი მზადაა ფეხბურთელში 8 მილიონი ევრო გადაიხადოს და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს. Transfermarkt ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს 16 მილიონ ევროდ აფასებს.