„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ესაუბრა, მაგრამ გუნდში მუშაობაზე ვერ დაითანხმა, – ამის შესახებ დაიწერა გამოცემა „არეანაპოლში“ და ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც ავრცელებს.
„ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი არ იქნება. მას ესაუბრა აურელიო დე ლაურენტისი და მხარეები ვერ შეთანხმდნენ. კონტე ამჯობინებს დასვენებას და სხვა შესაძლებლობებს დაელოდება“, – წერს „არეანაპოლი“.
შეხვედრის დეტალებს ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო ექსპერტი ფაბრიციო რომანოც ავრცელებს.
„ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა. ორივე მხარემ ერთმანეთისადმი კეთილგანწყობა გამოავლინა, მაგრამ ანტონიომ „ნაპოლის“ ჩაბარება იუარა და ახალ წინადადებას დაელოდება“, – დაწერა ფაბრიციო რომანომ თავისი X-ის (ყოფილი „ტვიტერის“) გვერდზე.
ამ დროისთვის ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ რუდი გარსია წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობითაც იტალიის მოქმედი ჩემპიონი არადამაჯერებლად გამოიყურება. გავრცელებული ცნობებით, გარსიასთვის მომდევნო სამი მატჩი გადამწყვეტი იქნება.