ფაბრიციო რომანო - 29 აგვისტოს მიქაუტაძე „აიაქსში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ცნობილმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ლიგა 1-ის „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სამშაბათს, 29 აგვისტოს „აიაქსში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
„მიქაუტაძე სამშაბათს, 29 აგვისტოს „აიაქსში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და თითქმის ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ მიქაუტაძე „აიაქსის“ ფეხბურთელია“, – წერს ფაბრიციო რომანო.
იმავეს ამტკიცებს ფრანგი ჟურნალისტი მოჰამედ თუბაშ-თერი სოციალურ ქსელში: „გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსი“ აირჩია. „მეცის“ თავდამსხმელი ერედივიზიონის გუნდში გადასვლამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „აიაქსს“ შეუერთდება“.
ტრანსფერის თაობაზე ფრანგული გამოცემა le10sport-ი საინტერესო დეტალებს აქვეყნებს.
მიქაუტაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო
„საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებას ორშაბათს ელოდნენ. „მეცს“ სატრანსფერო შეთავაზებით რამდენიმე ევროპულმა კლუბმა („ლიონი“, „რენი“, „შეფილდი“, „აიაქსი“, „ლაციო“) მიმართა და არჩევანი უნდა გაეკეთებინა.
ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ მიქაუტაძემ „აიაქსში“ გადასვლა გადაწყვიტა, რომელიც „მეცს“ 20 მილიონ ევროს გადაუხდის. ამგვარად, მიქაუტაძე გახდება „მეციდან“ წასული ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე.
„მეცი“ მიქაუტაძის კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნებას ცდილობდა, სწორედ ეს შესთავაზა „რენმა“ – კლუბი მზად იყო, ტრანსფერი განეხორციელებინა და ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით კვლავ „მეცში“ დაეტოვებინა, მაგრამ მიქაუტაძემ „აიაქსში“ გადასვლა გადაწყვიტა“, – წერს le10sport.com-ი.