ფაბიო კაპელო - კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში სეზონის მთავარი აღმოჩენაა #1TVSPORT
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ 2022/23 წლების სეზონში „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე ისაუბრა და ქართველ ლეგიონერს სერია A-ს სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა.
„შეიძლება კვარაცხელიას სერია A-ში სეზონის მთავარი აღმოჩენა ეწოდოს? ალბათ, კი. მისი უნარები გასაოცარია“, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს RB Sport-ი.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. მისი კონტრაქტი ნეაპოლურ კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. 22 წლის ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ აღზრდილია.
ქართველმა მიმდინარე საკლუბო სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. პორტალი Transfermarkt-ი ფეხბურთელის ღირებულებას 60 მილიონ ევროდ აფასებს.
კაპელოს გაწვრთნილი გუნდები („მილანი“, „რომა“ და „იუვენტუსი”) შვიდჯერ გახდნენ იტალიის ჩემპიონები, ოთხჯერ – იტალიის სუპერთასის მფლობელები, ერთხელ – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, ხოლო ერთხელ – უეფა-ს სუპერთასის მფლობელები. კაპელომ მადრიდის „რეალთან“ ერთად ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი.
ფაბიო კაპელო სხვადასხვა დროს სამჯერ გახდა „ოქროს სკამის“ მფლობელი, ერთხელ – სერია A-ს წლის საუკეთესო მწვრთნელი, იგი ასევე შეყვანილია იტალიის ფეხბურთის დიდების დარბაზში.