ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუს სცენოგრაფიაზე ავსტრიელი რეჟისორი მარვინ დიეტმანი იმუშავებს
ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუს სცენოგრაფიაზე ავსტრიელი რეჟისორი მარვინ დიეტმანი იმუშავებს. დიეტმანი არაერთი გასართობი და საკონცერტო სატელევიზიო შოუს პროდიუსერი და რეჟისორია. მას ასევე გადაღებული აქვს 100-ზე მეტი მუსიკალური ვიდეო და არის მრავალი არტისტის მუსიკალური ტურნეს მთავარი რეჟისორი.
მარვინ დიეტმანი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიბადა და მისი შემოქმედებითი კარიერა ექვსი წლის ასაკში მოცეკვავის ამპლუაში დაიწყო. 22 წლის ასაკში მან შექმნა საკუთარი სარეჟისორო შემოქმედებითი კომპანია, რის შემდეგაც დადგა 250-ზე მეტი სატელევიზიო შოუ 27 ქვეყანაში.
რიგით 67-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 9, 11 და 13 მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.
2023 წლის ევროვიზიაზე 37 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველო მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება.
ტრადიციულად, ევროვიზიის სამივე საღამოს პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.