ევროვიზია 2018-ისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაში გადავიდა. იმისათვის, რომ ევროპის მთავარი მუსიკალური ფესტივალის კონკურსანტები შოუზე ღირსეულად წარდგნენ, შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად მუშაობს. დაიგეგმა საიმიჯო ფოტო და ვიდეოგადაღებები. ევროვიზია 2018-ის ქართველი კონკურსანტების საიმიჯო კონცეფცია მთლიანად კლასიკურ სტილს მოიცავს. ქართული თუ ევროპული ბეჭდური და ონლაინ მედია ოფიციალურ საიტებზე გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, ფოტოგრაფ გიორგი ცაავას მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად განათავსებს. ეს საიმიჯო ფოტოები განთავსდება ბანერებზეც.
გიორგი ცაავა, ფოტოგრაფი: „კონცეფცია, რომლის მიხედვითაც საიმიჯო ფოტოები გადავიღეთ, ევროვიზიის გუნდის მიერ შემუშავდა. ჯგუფის წევრები გადავიღეთ სხვადასხვა კოსტიუმებში. ძირითადი ხასიათი კლასიკურია, რაც ხაზს უსვამს მათ სასცენო იმიჯს“.
ფოტო და ვიდეო გადაღებებისთვის, წითელი ხალიჩისა და სასცენო იმიჯისთვის კოსტიუმები სპეციალურად შეიქმნა. ფოტოგადაღებისთის ორი სტილი შეირჩა – კლასიკური სმოკინგით და ე.წ. ქეჟუალი.
შაკო პოპიაშვილი, დამდგმელი მხატვარი: „მთლიანი კონცეფციიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ ხუთი სხვადასხვა იმიჯი. თუმცა, ძალიან გავს ისინი ერთმანეთს, ძირითადად კლასიკური იმიჯებია, მაგრამ მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან სვადასხვა დეტალებით“.
ფოტოგადაღების შემდეგ, საიმიჯო ვიდეორგოლზე დაიწყო მუშაობა. ევროვიზიის გუნდმა ვიდეოკლიპი ერთ დღეში გადაიღო. „ირიაოს“ სიმღერაზე „შენი გულისთვის“ ვიდეორგოლი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო. რეჟისორმა გადასაღებ მოედნად საგურამოში მდებარე ე.წ. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი შეარჩია. ვიდეორგოლში ჯგუფ „ირიაოსთან“ ერთად „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ.
ზაზა ორაშვილი, რეჟისორი: „სპეციალურად შევარჩიეთ ობიექტი, რომელიც განსაკუთრებულია და ჯერ არავის გამოუყენებია. ვფიქრობ, მართლა ძალიან მაგარი ობიექტია. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სიუჟეტური პერიპეტია ამ კლიპში არ არის, ეს ძირითადი ობიექტი იქნება, სადაც მოხდება ჯგუფის წევრების აფიშირება. კლიპი გამოვა სადა და ძალიან თანამედროვე. ვფიქრობ, დაიმსახურებს არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელისა და მაყურებლის აღიარებას“.
ჯგუფ „ირიაოს“ ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის „შენი გულისთვის“ ვიდეორგოლის კოსტიუმების დიზაინერია მეგი გაბუნია.
მეგი გაბუნია, კოსტიუმების დიზაინერი: „ძირითადად, კლასიკური კოსტიუმები გადავწყვიტეთ. ყველა კოსტიუმი შევკერეთ ინდივიდუალურად, მომღერალზე მორგებული. ვეცადეთ ყოფილიყო ლამაზი და მაყურებლისთვის მისაღები და რაც ყველაზე მთავარია, კომფორტული მათთვის“.
„შენი გულისთვის“ – ევროვიზიის საკონკურსო სიმღერაა, რომლის ავტორიც არის ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მალაზონია, არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროვიზიაზე ქართული სიმღერა შესრულდება. კლიპის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება და მას პირველად ქართველი მაყურებელი იხილავს, რის შემდეგაც საიმიჯო ვიდეორგოლი ევროფესტივალის მონაწილე 43 ქვეყნის ეთერში იტრიალებს.
მიშო ჯავახიშვილი, ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრი: „სულ მალე გვექნება ძალიან საინტერესო კლიპი. წინ გვაქვს ბევრი სერიოზული სამუშაო. საქართველო ევროფესტივალზე მართლაც უნდა კარგად წარდგეს და ამას „ირიაო“ აუცილებლად გააკეთებს“.
ვიდეორგოლის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში პირველი არხის ეთერში შედგება. ასევე, ზაზა ორაშვილი იზრუნებს ჯგუფ „ირიაოს“ გამოსვლის სასცენო ვერსიაზეც, რომელსაც მაყურებელი უკვე 10 მაისს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში შეაფასებს.
ნათია მშვენიერაძე, ევროვიზიის დელეგაციის ხელმძღვანელი: „ეს არის ვიდეორგოლი, რომლითაც დანარჩენი ქვეყნები გაიცნობენ საქართველოს წარმომადგენლებს, თუ ვინ არიან ისინი, რას მღერიან და ა.შ. ჯგუფი გაემგზავრება პრომოტურით ისრაელში, სადაც წარდგება მაყურებლის წინაშე. აპრილის ბოლოს კი მივემგზავრებით ლისაბონში , სადაც 10 მაისს ჯგუფი წარდგება ევროპის პრესტიჟულ კონკურსზე“.
ევროვიზია 2018 პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გაიმართება. „ალტიჩე არენაზე“ ევროფესტივალის ქართველი კონკურსანტები 10 მაისს წარდგებიან. ფინალური შოუ კი 12 მაისს გაიმართება და იგი ფესტივალის მონაწილე ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოში, პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
ფოტო: ირაკლი გედენიძე