„ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალიდან ფინალში გადასული ქვეყნების ვინაობა ცნობილია. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ ფინალში ვერ გადავიდა. ჯგუფი მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.
„ირიაომ“ შეასრულა სიმღერა – „შენი გულისთვის.
მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.
წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადადის, სადაც მათ უერთდებიან დიდი ხუთეულის ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, პორტუგალია.
ფინალში ხმის მიცემა შეუძლია 43-ვე ქვეყანას, რომელიც ევროვიზია 2018-ში მონაწილეობს.
„ევროვიზია 2018“-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება. კონკურსის პირდაპირ ტრანსლირებას პირველი არხი 23:00 საათზე შემოგთავაზებთ.