დასრულდა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც ორი ქართული გუნდი – საჩხერის „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ მონაწილეობდნენ.
ზემოიმერლები სლოვენიაში „მარიბორს“ ხვდებოდნენ და პირველ მატჩში ნულოვანი ფრის შემდეგ მოგებაც ხელს აძლევდათ და შედეგიანი ფრეც. მატჩი საკმაოდ დაძაბული და თანაბარი გამოდგა, თუმცა რეალური საგოლე მომენტები მცირე რაოდენობით ვნახეთ.
პირველი გოლი მატჩის 70-ე წუთზე გავიდა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლუკა ზაჰოვიჩმა შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1-0. ამის შემდეგ საჩხერლები გააქტიურდნენ და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნეს, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს. მატჩის უკანასკნელ წამებზე კი მასპინძლებმა მეტოქის მთელი გუნდით შეტევაში წასვლა გამოიყენეს და მეორე გოლიც გაიტანეს. ეს გუნდის ბრაზილიელმა ლეგიონერმა, მარკოს ტავარესმა გააკეთა.
საბოლოოდ 2-0 მარიბორის სასარგებლოდ და „ჩიხურა“ ევროთასებს დაემშვიდობა.
უფრო სასიამოვნო ცნობა გვაქვს ფარერის კუნძულებიდან. როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთაისის „ტორპედომ“ სახლში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა (3-0) არათუ ხელიდან არ გაუშვა, არამედ კიდევ უფრო განამტკიცა და მეტოქე, ორი მატჩის ჯამში, ანგარიშოთ 7-0 დაამარცხა.
სტუმრად გატანილი გოლების ავტორები არიან მილოშ ლაჩნი, მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზატსკი და თორნიკე კაპანაძე.
ამრიგად, ქუთაისელები ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციოზე განაგრძობენ ბრძოლას და ალბანეთის ჩემპიონ „კუკეშის“ შეხვდებიან. პირველი მატჩი თბილისის მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე 9 აგვისტოს გაიმართება, განმეორებითი კი სტუმრად – 16 აგვისტოს.
ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ევრიპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ტორპედოელებს კიდევ ერთი ეტაპის გავლა მოუწევთ.