ევროთასებზე ქართველების გუნდები დამარცხდნენ - „სლოვანი“ ევროსეზონს განაგრძობს, აპოელ-ი კონფერენს ლიგას დაემშვიდობა #1TVSPORT
კვიპროსის აპოელ-ი, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო მატჩში, საკუთარ მოედანზე ბელგიურ „გენტთან“ 1:2 დამარცხდა.
კვიპროსელებმა პირველი მატჩი სტუმრად 0:2 წაააგეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსი ჰქონდათ. საპასუხო დაპირისპირებაში გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს.
ბელგიელებმა ანგარიში 29-ე წუთზე მატიას სამუას გოლით გახსნეს, 79-ე წუთზე კი ტარიკ ტისუდალიმ აპოელ-ს მეორეც გაუტანა. საბოლოო ანგარიში 90+5-ე წუთზე დაფიქსირდა – კუთხურიდან მოწოდებული ბურთი საკუთარ კარში ბელგიელების მეკარემ, დეივ როფმა ჩაჭრა.
საბოლოოდ ამ წყვილში ბელგიელებმა გაიმარჯვეს (2:0, 2:1) და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ, აპოელ-მა კი ევროსეზონი დაასრულა.
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო დაპირისპირებაში ბრატისლავის „სლოვანი“ კვიპროსში „არისს“ ესტუმრა და მტკივნეული მარცხი იწვნია – 2:6.
სლოვაკების ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჯაბა კანკავა იყო (23-ე წუთზე გააფრთხილეს), გურამ კაშია კვლავ სათადარიგოთა შორის დარჩა – მის არყოფნაში „სლოვანის“ დაცვა ცუდად გამოიყურებოდა. ბრატისლავაში პირველი მატჩი სლოვაკეთის ჩემპიონმა 2:1 მოიგო და საპასუხო მატჩში ფრეც ხელს აძლევდა.
„არისმა“ ბრატისლაველებს შანსი გადაუწურა. იანიკ გომისის (21) და იულიუს შეკეს (24) გოლებს „სლოვანიდან“ 37-ე წუთზე დავით სტრელეცმა უპასუხა, მაგრამ ამის შემდეგ კვიპროსელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. იანიკ გომისმა ჰეთთრიქი შეასრულა, თითო ბურთი მიჰლალი მაიამბელამ (67) და მორგან ბრაუნმა (72) გაიტანეს. 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ტიგრან ბარსეგიანმა დააფიქსირა.
წაგების მიუხედავად, „სლოვანი“ ევროსეზონს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობს.