ევროთასებზე გასულმა ქართულმა კლუბებმა უეფა-ს ლიცენზია მიიღეს #1TVSPORT
ევროთასების მონაწილე ოთხივე ქართულმა კლუბმა უეფა-ს ლიცენზია მიიღო, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„უეფა-ს 2024/2025 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესში, ლიცენზიის მაძიებლად განიხილებოდა ეროვნული ლიგის ათი კლუბი და ქალთა ლიგა 1-ის ოთხი კლუბი.
წარმოდგენილი დოკუმენტების და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, ევროპულ საკლუბო ტურნირებზე გასულმა ყველა კლუბმა უეფა-ს ლიცენზია მოიპოვა.
ლიცენზიის გაცემის შემდგომ, 2024/2025 წლების სეზონის განმავლობაში, კლუბების მიერ ლიცენზირების მოთხოვნების უწყვეტად შესრულებაზე, მუდმივად განხორციელდება მონიტორინგი. ლიცენზირებულ კლუბებს ვუსურვებთ წარმატებას უეფა-ს საკლუბო შეჯიბრებებში“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ წელს ევროტურნირებზე საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო ვიცე-ჩემპიონი „დინამო თბილისი“, მესამეადგილოსანი ქუთაისის „ტორპედო“ და საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „იბერია“ – კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.