ევროსაბჭოში უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა
ევროსაბჭოში უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა

უკრანული მხარე მიიჩნევს, რომ ჰელსინკიში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დასაბრუნებლად გადადგმული ნაბიჯია. ევროსაბჭოში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი კულებამ აღნიშნულ განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

„ეს შინაარსობრივად ურთიერთსაწინააღმდეგო და კონტექსტით სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, მასთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტში კონსენსუსი არ არის. ბრძოლა დეპუტატების დონეზე გაგრძელდება“, – დაწერა უკრაინის წარმომადგენელმა „ტვიტერში“.

მისივე თქმით, ევროპის რამდენიმე წამყვანმა დედაქალაქმა მიიღო რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების გადაწყვეტილება.

„ყველაფერი კეთდება ღიმილით, ღირებულებებისადმი ერთგულებისა და კეთილი ზრახვების დაპირებებით. კულისებს მიღმა კი ჩვეულებრივი ცინიკური დიპლომატიაა მათი მხრიდან, ვინც გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად დაეხმაროს თავის მავნე, თუმცა ძველ პარტნიორ რუსეთს“, – აღნიშნა კულებამ.

ჰელსინკიში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განცხადება მიიღეს. საქართველომ, უკრაინამ და ბალტიის სახელმწიფოებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა. კიევში აცხადებენ, რომ ახლა რუსეთი ევროსაბჭოს ზოგიერთ წევრთან ერთად ამ სანქციების გაუქმებას ცდილობს.