ევროპული მედია ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას პირველ გოლზე - ქართველით ზაფხულში ევროპული გრანდები დაინტერესდებიან [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „აიაქსთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ევროპულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა.
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად თამაშობს, „ლივერპულის“ (4:1) და „რეინჯერსის“ (3:0) შემდეგ ნიდერლანდური გრანდი 6:1 დამარცხა. კვარაცხელიამ კი ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა.
„ევროპორტი“
ეს ძალიან კარგი გოლია მოთამაშისგან, რომელსაც „კვარადონა“ ჰქვია. კვარაცხელიამ მარცხნიდან შეუტია, რასპადორისთან კომბინაცია გაითამაშა, სამი მცველი თამაშიდან გამოთიშა და ბურთი ბადეში შეაგორა. ეს მისი პირველი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე – რა კარგი შესრულებაა.
Fichajes
ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის სენსაციაა.
„ნაპოლი“ ამჟამად ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული გუნდია, როგორც შედეგით, ისე თამაშით, რომელსაც აჩვენებენ გათამაშების პირველ თვეებში. გუნდი ლიდერობს სერია A-ში და პირველია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, სადაც იდეალური შედეგი აქვს. „ნაპოლი“ უსწრებს „ლივერპულსა“ და „აიაქსს“, რომლებიც პირველ თამაშებში დაამარცხა.
ერთ-ერთი ღირსეული სახელი, რომელიც პირველ თვეებში ბრწყინავს, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ სენსაციად იქცა. ქართველი გუნდის მთავარი შემტევი ლიდერი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ მხოლოდ ორი თვეა თამაშობს. მარცხენა ფლანგზე იგი ლუჩიანო სპალეტის გუნდის მთავარი შემტევი ვარიანტია.
ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამსტერდამის „აიაქსთან“ „ნაპოლის“ გამარჯვებაში. ამას გარდა, ის გუნდს უსასრულო ღირებულ ვარიანტებს სთავაზობს მოედნის ბოლო მონაკვეთში: მეტოქის დაცვაში დისბალანსს ქმნის, დრიბლინგით, აფეთქებებით, თამაშის ხედვით და ბოლო პასით, რაც თანაგუნდელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგის კართან ვითარება შეცვალონ.
ქართველი ევროპულ ელიტაში პირველ სეზონში ძალებს იკრებს და მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის წინ, უეჭველია, რამდენიმე ევროპული გრანდის მხედველობის არეში მოხვდება“.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (ოფიციალური გვერდი)
პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. მე-11 გოლი მიმდინარე სეზონში 11 კლუბისა და ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში. ხვიჩა კვარაცხელია. რა ტალანტია!
„მარკა“
რასპრადორის და ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული გოლი. ნეაპოლელებმა ყველაფერი წამებში გადაწყვიტეს – კვარაცხელიამ არაჩვეულებრივად დაარტყა.