ევროპული ფოლადის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ბრიუსელში აქცია გამართეს და ევროკომისიის შენობასთან კუბოები მიიტანეს
ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ ევროპული ფოლადის ინდუსტრიის დაახლოებით 200-მა წარმომადგენელმა დემონსტრაცია გამართა. აქტივისტები, რომლებმაც ევროკომისიის შენობის წინ კუბოები მიიტანეს, აცხადებდნენ, რომ მათ დარგის გადასარჩენად მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ.
აქტივისტებმა შენობის წინ ათი კუბო მიიტანეს, წარწერებით: „მშვიდად განისვენე, დამზადებულია ევროპაში“.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და წარმოების შესაძლებლობების გაფართოებას.
მედიის ცნობით, აქციის ორგანიზატორი Eurometal-ი იყო, რომელიც ევროპული ლითონისა და ფოლადის წარმოების სექტორებს წარმოადგენს.
„ჩვენ არ ვითხოვთ სუბსიდიებს ან სპეციალურ მოპყრობას; ჩვენ ვითხოვთ სამართლიან კონკურენციას“, – განაცხადა Eurometal-ის თავმჯდომარემ, ალექსანდრე იულიუსმა.
მისივე თქმით, ევროპული სამრეწველო საწარმოები აღარ არიან კონკურენტუნარიანი და ისინი ან წყვეტენ საქმიანობას, ან თავიანთი ქარხნები სხვა ქვეყნებში გადააქვთ, რაც დაახლოებით 13.5 მილიონ სამუშაო ადგილს საფრთხეს უქმნის.
ამასთან, Eurometal-ის ცნობით, ევროპული კომპანიები მნიშვნელოვან ძალისხმევას ახმარენ ევროკავშირის გარემოსდაცვითი და კლიმატური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, თუმცა ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ადგილობრივ წარმოებას.
მედიის ცნობით, ევროკავშირში იმპორტირებული ფოლადი ექვემდებარება იმპორტის კვოტებს, სავაჭრო თავდაცვის ზომებს და ევროპის ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმს (CBAM). თუმცა ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს არასაკმარისია.