ბათუმში, შესაძლოა, ევროპის სუპერთასის მატჩი გაიმართოს – ამის შესახებ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალის (დინამო თბილისი-ბათუმის დინამოს) რეპორტაჟის მსვლელობისას ითქვა.
მატჩის წამყვანის თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ უმასპინძლოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტულის გათამაშებას.
ასეთი ინფორმაცია პირველად ბათუმის სტადიონის მშენებლობის დასრულებამდე, 2019 წელს გავრცელდა, რომ 20 000 მაყურებელზე გათვლილი არენა უეფა-ს სუპერთასის მასპინძლობას შეეცდებოდა. ბათუმის ცენტრალური სტადიონი უეფას IV კატეგორიას აკმაყოფილებს და მზად არის, რომ ასეთი დონის მატჩი მიიღოს.
უეფა-ს სუპერთასის მატჩს პირველად საქართველომ 2015 წელს უმასპინძლა. 11 აგვისტოს, თბილისის „დინამო არენაზე“ „ბარსელონამ“ „სევილია“ 5:4 დაამარცხა და ევროპის სუპერთასების რეკორდი დამყარდა – ამდენი გოლი (9) მანამდე არასოდეს გასულა ერთ მატჩში.
„ბარსელონამ“ მაშინ უეფა-ს სუპერთასი ისტორიაში მეხუთედ მოიგო და „მილანს“ გაუთანაბრდა. თამაშში პირველი სამი გოლი საჯარიმო დარტყმებით გავიდა. ევერ ბანეგამ გოლი მე-3 წუთზე გაიტანა, რაც სუპერთასების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი აღმოჩნდა. რაც მთავარია, დამყარდა დასწრების რეკორდი – 51 490 მაყურებელი. „დინამო არენა“ სუპერთასების ისტორიაში პირველი ნეიტრალური მოედანი იყო, სადაც ამდენი გულშემატკივარი მივიდა.