ევროპის მეთხუთმეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა
ბაქოს „ბროლის დარბაზში“ გაიმართა ევროპის მეთხუთმეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია. შოუს პირველი ნაწილი დაეთმო მონაწილე ქვეყნების დროშების აღლუმს. საქართველოს დროშა მოჰქონდა ფესტივალის ოქროს მედალოსანს, ძიუდოისტ ნიკა ბაჩიაშვილს.
ბაქოში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენებმა სპორტის ორ სახეობაში (ჭიდაობა, ძიუდო) 13 მედალი მოიპოვეს. მათ შორის – ერთი ოქროს, ხუთი ვერცხლის და შვიდი ბრინჯაოს მედალი, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 21-ე ადგილი დაიკავეს.
წყარო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი