ევროპის ლიგა | ოდიშარიამ „გალათასარაის“ გაუტანა - ლატვიელებმა პირველი ქულა მოიპოვეს #1TVSPORT
ლაშა ოდიშარიამ ევროპის ლიგაზე „გალათასარაის“ გაუტანა და RFS-ს ტურნირზე პირველი ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
დაუგავასში გამართულ შეხვედრაში „გალათასარაი“ პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. სტამბოლელების ბელგიელმა თავდამსხმელმა მერტენსმა მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა, 20 წუთში კი სტუმართა უპირატესობა აკგუნმა გაზარდა.
ლატვიელებმა ასეთ რთულ ვითარებაში თამაშის გადარჩენა მოახერხეს. მე-40 წუთზე გუნდის ლიდერმა იკაუნიეკსმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მეორე ტაიმის დასაწყისში (55) კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლაშა ოდიშარიას და RFS-ს შემდეგ ტურში არანაკლები გამოცდა ელით – ლატვიური კლუბი 24 ოქტომბერს ფრანკფურტში „აინტრახტს“ ესტუმრება.