ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე – ევროპის ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.
თითქმის გაინაღდა ნახევარფინალში თამაში ლონდონის „არსენალმა“, რომელმაც საკუთარ „ემირეიტსის“ სტადიონზე 4:1 გაანადგურა მოსკოვის ცსკა.
ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მასპინძელთა რიგებში დუბლები შეასრულეს აარონ რემზიმ და ალექსანდრ ლაკაზეტმა.
მე-15 წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო (მოსკოველთაგან გოლი ალექსანდრ გოლოვინმა გაიტანა), რის შემდეგაც, „არსენალმა“ 12 წუთის ინტერვალით სამი გოლის გატანა შეძლო.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა რემზის მეორე გოლი – უელსელმა დაახლოებით 10 მეტრიდან ქუსლით გაიტანა.
განმეორებითი მატჩი მოსკოვში 12 აპრილს გაიმართება.