ევროპის ლიგა | მიქაუტაძის „ლიონი“ „ჰოფენჰაიმს“ დაუზავდა, ოდიშარია „ანდერლეხტთან“ საუკეთესო იყო #1TVSPORT
ევროპის ლიგა | მიქაუტაძის „ლიონი“ „ჰოფენჰაიმს“ დაუზავდა, ოდიშარია „ანდერლეხტთან“ საუკეთესო იყო #1TVSPORT

უეფა-ს ევროპის ლიგის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ გერმანიაში „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და მოედანი 61-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად თამაშში ჩერკი ჩაერთო.  ქართველის თამაში 7.0 ქულით შეფასდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში, 47-ე წუთზე „ჰოფენჰაიმი“ გენდრეის გოლით დაწინაურდა. „ლიონმა“ წონასწორობა 66-ე წუთზე აბნერის გოლით აღადგინა.

დრამატულად განვითარდა შეხვედრის ბოლო წუთები. 90+4-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა „ლიონი“ დააწინაურა და თითქოს 3 ქულაც მოუტანა, თუმცა 2 წუთში ტოჰუმჩუმ გაათანაბრა.

ლაშა ოდიშარიას და ლუკა სილაგაძის „რიგის საფეხბურთო სკოლა“ კი საკუთარ მოედანზე ბელგიური „ანდერლეხტს“ დაუზავდა – 1:1.

ოდიშარია ლატვიური კლუბის სასტარტო თერთმეტეულში იყო, ხოლო სილაგაძე მოედანზე 90+3-ე წუთზე გამოჩნდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ლატვიელთა შემადგენლობაში გამორჩეული იყო და საუკეთესო შეფასება, 7.3 ქულა დაიმსახურა. ბელგიელებმა ანგარიში 85-ე წუთზე მარიო სტროიეკენსის გოლით გახსნეს, საბოლოო ანგარიში ავტოგოლით „ანდერლეხტის“ მოთამაშემ, მუსა ნდიაიემ დააფიქსირა.

4 ტურის შემდეგ „ლიონი“ ევროპის ლიგის ერთიან ცხრილში მე-9 ადგილზეა, ხოლო „რიგის საფეხბურთო სკოლა“ 32-ე ადგილს იკავებს.