ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება - სასწორზე მეოთხედფინალის საგზური დევს #1TVSPORT
დღეს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ამ მატჩის შედეგით გადაწყდება, ითამაშებს თუ არა რამაზ სვანაძის გუნდი მეოთხედფინალში.
ნიდერლანდებთან შეხვედრამდე წინასამატჩო ვარჯიში საქართველოს 21-წლამდელების ნაკრებმა საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე გამართა. მანამდე, მატჩის მასპინძელ „დინამო არენაზე“ ჟურნალისტების კითხვებს რამაზ სვანაძემ და გიორგი გულიაშვილმა უპასუხეს, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენს გუნდს ტრავმის გამო ტურნირზე გორის „დილას“ კაპიტანი ნიკა გაგნიძე ვეღარ დაეხმარებოდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამართული ორი ტურის შემდეგ ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილზეა და მეოთხედფინალში გასასვლელად ქულაც ჰყოფნის. ნიდერლანდებმა კი ჯერ მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად მოგება სჭირდება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერვინ ვან დერ ლოიმ „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე მიზნად მხოლოდ მოგება დაისახა: „ორივე მატჩში მეტოქეებზე მეტი მომენტი შევქმენით და მოგებას ვიმსახურებდით. თუ ბოლო ტურში საქართველოსთან მომენტების რეალიზაციას მოვახერხებთ, მიმაჩნია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. საქართველოს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს“.
მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი თამაშამდე ერთი დღით ადრე გაიყიდა და თბილისში ევროპის ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი კიდევ ერთხელ გაუმჯობესდება. ბელგიასთან 41 887 ბილეთი გაიყიდა და 1996 წელს ბარსელონაში დაფიქსირებული შედეგი (35 600) გაუმჯობესდა. ამჯერად კი ყველა, 54 000 ბილეთია გაყიდული. უეფა-ს გვერდი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები გულშემატკივრებისგან უდიდეს მხარდაჭერას და ენერგიას იღებს.
27 ივნისს საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.