პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ძიუდოში ტატამზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვა.
90კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ნაკრების ღირსებას ბექა ღვინიაშვილი დაიცავს. იგი პირველ შეხვედრაში ნაკლებად ცნობილ ისლანდიელ ძიუდოისტს შეხვდება.
100კგ-ში მედლის მოპოვებას ტიტულოვანი ვარლამ ლიპარტელიანი შეეცდება, რომელიც პირველ ორთაბრძოლას ბერძენ სპორტსმენთან ჩაატარებს.
მძიმე წონაში კი საქართველის სახელით ორი ძიუდოსტი გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი იასპარეზებს. გურამი რუმინელს, ხოლო ლევანი ცნობილ ნიდერლანდელ ძიუდოისტს როი მეიერს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 81 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ფინალში 40 წამში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მფლობელმა, ლაშა შავდათუაშვილმა ფინალი, სამწუხაროდ, ვიქტორ სტეპრუსთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ლუკა მაისურაძემ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტიტულოვანი ნიდერლანდელი ძიუდოისტი ფრანკ დე ვიტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ორი საშეჯიბრო დღის მერე ჩვენი ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს მედალია.
წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, პლატფორმა 1tv.ge და არხი „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.