ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეოთხედფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. წინასწარ დადგენილი იყო, რომ შეხვედრა საქართველოს ნაკრებსა და C ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის შაბათს, 1-ელ ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო, რომელიც მხოლოდ 24 600 მაყურებელს იტევს.

სფფ-ის განცხადებაში წერია, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესისა და ბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრას კვლავ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ (ტევადობა 54,000) გამართავს. შეხვედრა 1-ელ ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების გაყიდვა under21tickets.ge-ზე ოთხშაბათს, 28 ივნისს, 12:00 საათიდან დაიწყო. მათ, ვისაც მესხის სტადიონზე დაგეგმილი მეოთხედფინალური მატჩის ბილეთები წინასწარ ჰქონდათ შეძენილი, თამაშამდე ერთი დღით ადრე, 30 ივნისს იმავე კატეგორიის განახლებულ ბილეთებს SMS-ით და TKT.GE-ის პირად ანგარიშზე მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების რეკორდი, რომელიც „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ბელგიის მატჩზე დამყარდა, საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩზე გაუმჯობესდა.

უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას 43,043 გულშემატკივარი დაესწრო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია როგორც ტურნირის ფინალური, ისე საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ „დინამო არენა“ ყველაზე დიდი სტადიონია, სადაც უეფა-ს 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩატარებულა.