ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩი | ხორვატია-საქართველო პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი ოფის საპასუხო მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ ქალაქ რიეკაში ჩაატარებს. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
პირველი შეხვედრა თბილისში 15 ნოემბერს გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა 1:0 გაიმარჯვა. ამასთან ერთად, მსაჯმა ხორვატიის ნაკრების კაპიტანი, მეკარე ნიკოლა ჩავლინა გააძევა, რომელიც მეორე შეხვედრას გამოტოვებს. მასპინძლებს ვერც ნახევარმცველი ლუკა ვრბანჩიჩი დაეხმარება.
ამის მიუხედავად, ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივიცა ოლიჩი საქართველოსთან მატჩამდე ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან გუნდს ორი ლიდერი დაუბრუნდა – „ვარაზდინის“ ცენტრალური ნახევარმცველი ლეონ ბელჩარი და ვენის „რაპიდის“ ცენტრალური თავდამსხმელი დიონ დრენა ბელო.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც მნიშვნელოვანი მატებაა. რამაზ სვანაძის გუნდს დაუბრუნდნენ კაპიტანი, ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი და ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე, რომლებმაც ხორვატიასთან პლეი ოფის პირველი მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვეს.