ჭიდაობა | ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ოქროს მედლით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილზე გავიდა.
ათი წონითი კატეგორიიდან შვიდში, ფინალში ქართველმა ფალავნებმა იასპარეზეს. მედლების საერთო მონაგარიც ძალიან შთამბეჭდავია: ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი შოთაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), დავით სოლოღაშვილმა (77 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ), ხოლო ბრინჯაო – გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ).
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 183 ქულა მოაგროვა და 27 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ თურქეთის ეროვნულ გუნდს.
11-13 მარტს პლოვდივში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გაიმართება, სადაც ქართველი მოჭიდავეები ათივე წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.