ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაური - საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის მტკიცე პარტნიორია
ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაური - საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის მტკიცე პარტნიორია

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის მტკიცე პარტნიორია, – ამის შესახებ საუბარია წერილობით ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა წარუდგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრემლი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე ზეგავლენის მოხდენას მანიპულაციებით, რეგიონში დაძაბულობის ზრდითა და სამხედრო კონფლიქტებით ცდილობს. როგორც ამერიკელი გენერლის მოხსენებაშია აღნიშული, „კრემლში მიაჩნიათ, რომ ქრონიკული დესტაბილიზაცია ამ რეგიონში ჰეგემონიისთვის უმთავრესია“. ანგარიშში რამდენჯერმეა ნახსენები საქართველო.

„რუსეთი საქართველოზე გავლენას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციით ინარჩუნებს. მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაწევის მცდელობებით, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ადამიანების გადაადგილებისა და პროდუქციის გადატანაში ჩარევის გზით და ართულებს საქართველოს ნატო-ს წევრობისკენ მისწრაფებებს“, – ვკითხულობთ მოხსენებაში.

გენერალი წერს, რომ აშშ-ის მტკიცე ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების შენარჩუნება ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ვაშინგტონსა და ევროპას საერთო ინტერესების წინ წაწევაში დაეხმარება. როგორც სამხედრო მაღალჩინოსანი მიიჩნევს, „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებთან თანამშრომლობა, როგორიცაა თურქეთი, უკრაინა, საქართველო და აშშ-ის პარტნიორები არქტიკის რეგიონში“.

„სამხრეთ კავკასიაში, სადაც რუსეთის სამხედრო ძალები აგრძელებენ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად და წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში. საქართველო არის ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრი ქვეყანა. საქართველოს მიერ აშშ-ის ოპერაციის მხარდასაჭერად 870 ჯარისკაცის გაგზავნა აჩვენებს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე ძალას. ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი ეხმარება საქართველოს ამ მისიისთვის მომზადებაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებისა გზით“, – ნათქვამია გენერალ უოლტერსის მიერ სენატში გაგზავნილ მოხსენებაში.