ევროპარლამენტის რეზოლუცია - ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთთან ერთად იზიარებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას, რომლის გამოც პასუხისგებაში უნდა მიეცეს საერთაშორისო სამართლის წინაშე
ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის რეჟიმი რუსეთთან ერთად იზიარებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას, რომლის გამოც ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს საერთაშორისო ტრიბუნალისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის წინაშე, – ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში, სადაც დეპუტატები ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროკომისიას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, დაუწესონ ბელარუსს ისეთივე სანქციები, როგორიც რუსეთზე მოქმედებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ ბელარუსის დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოებს, როგორიცაა „ნექსტა“, და აგრეთვე მოუწოდებენ უფრო სისტემატური თანამშრომლობისკენ ევროკავშირსა და ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს შორის.
„ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის პოზიციის მხარდაჭერით იმის თობაზე, რომ ბელარუსი უნდა იყოს აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიად, საიდანაც რუსული ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს მთავრობის მონაწილეობას რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი ასევე მტკიცედ გმობს უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს, რომლებიც 1 400-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს გამოუტანეს ბელარუსში, მათ შორის ე.წ. ავტუხოვიჩის თორმეტეულის წევრებს.
ამასთან, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვან რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტებისა თუ სხვა სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები.