ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მიმართეს, ბოიკოტი გამოუცხადონ ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში გაიმართება.
როგორც რადიო Radio Free Europe-ის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, შესაბამის წერილს ხელი მოაწერა 46-მა დეპუტატმა. მანვე გამოაქვეყნა წერილის ნაწყვეტი, რომელშიც დეპუტატები ახსენებენ სოლსბერიში მოწამვლის ფაქტს, რუსეთის მიერ ომის წარმოებას სირიასა და უკრაინაში, აგრეთვე, ყირიმის ოკუპაციას.
“ჩვენ შეიძლება დავიჯეროთ, რომ სპორტი აგებს მეტაფორულ ხიდებს ადამიანებს შორის. მაგრამ, სანამ პუტინი ნამდვილ ხიდებს აფეთქებს სირიაში, არ შეიძლება თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი არაფრით განსხვავდება სხვა დიდი სპორტული მოვლენებისგან. სანამ პუტინს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ყირიმი, დატყვევებული ჰყავს უკრაინელი პოლიტპატიმრები და ომს აწარმოებს უკრაინის აღმოსავლეთით, თავი არ უნდა მოვიტყუოთ იმით, რომ ტურნირს მასპინძლობს ჩვენი სტუმართმოყვარე მეზობელი”, – წერია დეპატუტების წერილში.