ევროპა ლიგა | მიქაუტაძეს და გუგეშაშვილს არ უთამაშიათ - „აიაქსი“ „ბრაიტონთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი“ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ბრაიტონს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
ქართველი თავდამსხმელი გუნდს ინგლისში ავადმყოფობის გამო ვერ გაჰყვა. მატჩი „ბრაიტონის“ უპირატესობით წარიმართა – „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰედვიგ მადუროს დებიუტი კი წარუმატებელი გამოდგა.
ინგლისელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნა მხოლოდ 42-ე წუთზე მოახერხეს. ამსტერდამელების კარი ჟოაო პედრომ აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში 53-ე წუთზე ანსუ ფატიმ დააფიქსირა და თავის გუნდს ევროპა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოუტანა.
სამი ტურის შემდეგ „ბრაიტონს“ ოთხი ქულა აქვს, „აიაქსი“ კი (2) ბოლო ადგილზე დაქვეითდა. ჯგუფის ლიდერი „მარსელია“ (5), მეორე ადგილზე კი ათენის აეკ-ია (4), რომელიც „ბრაიტონს“ დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის.
ლუკა გუგეშაშვილი „ლევერკუზენთან“ მატჩში „ყარაბაღის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, აზერბაიჯანის ჩემპიონი კი 1:5 დამარცხდა. „ყარაბაღს“ ექვსი ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა.