„ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს ორი ქართული გუნდი ითამაშებს: საჩხერის „ჩიხურა“ სლოვენიურ „მარიბორს“ დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ – ფარერების „ვიკინგურ ლეირვიკს“.
ორივე შეხვედრაში მასპინძლები ქართული გუნდები არიან. „ჩიხურა” – „მარიბორი” 20:00 საათზე „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას მეორე არხი შემოგთავაზებთ.
უეფამ თამაშზე ჰოლანდიელი მსაჯები გამოაგზავნა – მთავარი არბიტრი კევინ ბლომი იქნება, ასისტენტები რობ ვან დე ვენი და ჩარლზ სხააპი, მეოთხე მსაჯი – სიმენ მულდერი.
„ტორპედო“ – „ვიკინგურ ლეირვიკს“ შეხვედრაც 20:00 საათზე დაიწყება. „რამაზ შენგელიაზე“ გასამართ თამაშს ყაზახ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, რომელთაც არტიომ კუჩინი უხელმძღვანელებს – ლაინსმენები ევგენი ბელსკი და ანატოლი ხოდინი იქნებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი – ალეკსანდრ ალიევი.
„ტორპედოს“ პრეს-სამსახურის ცნობით, „ვიკინგურთან“ მატჩის ტრანსლაციას კლუბი უზრუნველყოფს.
გულშემატკივარი მატჩის ყურებას შეძლებს ბმულზე, რომელიც შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ქუთაისური გუნდის ფეისბუქის გვერდზე განთავსდება.