ევროპა ლიგა | კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - კაცნაკლულმა „შტურმმა“ „ატალანტასთან“ ქულა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ატალანტას“ უმასპინძლა და კაცნაკლულად დარჩენილმა ქულა მოიპოვა – 2:2.

მესამე ტურის შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ვიცე-ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე ანგარიშის გახსნაში დიდი როლი ითამაშა – კიტეიშვილმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, წინ სწრაფად წავიდა და საჯარიმოსთან ნახევარმცველი ალექსანდრ პრასი მონახა, მისი დარტყმული იტალიელ მცველს მოხვდა და კარში შევარდა.

ატალანტამ“ 34-ე წუთზე წონასწორობა ლუის მურიელის გოლით აღადგინა. 38-ე წუთზე კიტეიშვილს ლამაზი გოლის გატანა შეეძლო – მეტოქის მეკარის გადაცემა თავით ჩაჭრა და მოედნის ცენტრიდან ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა. შესვენებამდე კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს, არბიტრის მიერ დამატებულ მეშვიდე წუთზე „ატალანტამ“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა და ლუის მურიელმა იტალიელები დააწინაურა – 2:1.

53-ე წუთზე ავსტრიელების კაპიტანმა, შტეფან ჰირლანდერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მაგრამ კაცნაკლულმა „შტურმმა“ მაინც მოახერხა ქულის გადარჩენა – მე-80 წუთზე ტონი ჰორვატმა პენალტი გაიტანა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

სამი ტურის შემდეგ „ატალანტამ“ 7 ქულა დააგროვა და ჯგუფის ლიდერია, „შტურმი“ კი ოთხი ქულით „სპორტინგთან“ ერთად მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებს.