ევროპა ლიგის ფინალი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა და მასში ერთმანეთს ორი ლონდონური კლუბი – „არსენალი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის პირველ ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა მიღებული შანსით ვერცერთმა მათგანმა ვერ ისარგებლა. სამაგიეროდ, უხვგოლიანი გამოდგა მატჩის მეორე ტაიმი, რომელშიც ბაქოში შეკრებილმა მაყურებელმა ხუთი გოლი იხილა.
ანგარიში 49-ე წუთზე ჟირუმ გახსნა, რომელმაც ემერსონის გადაცემას თავური დარტყმით მიმართულება შეუცვალა და ბურთი მეტოქის კარში გაგზავნა. მე-60 წუთზე თავი პედრომ გამოიჩინა და „ჩელსის“ ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა, რასაც მალევე „არსენალის“ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი და ედენ აზარის გოლი მოჰყვა – 3:0.
„არსენალმა“ გაიბრძოლა – შეცვლაზე შემოსულმა ივობიმ ერთი გოლის გატანა 69-ე წუთზე მოახერხა, თუმცა 73-ე წუთზე ედენ აზარმა დუბლი შეასრულა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
საბოლოო ანგარიში – „ჩელსი“ 4:1 „არსენალი“.