ევროლიგა I ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს „ოლიმპიაკოსი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
კაუნასში ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის, ევროლიგის ოთხთა ფინალი დაიწყო. დღეს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა და 2022/23 წლის სეზონის გადამწყვეტ მატჩში მონაწილე გუნდების ვინაობა გახდა ცნობილი. ფინალში ერთმანეთს „ოლიმპიაკოსი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდებიან.
„ოლიმპიაკოსმა“ თავისი შეხვედრა „მონაკოს“ წინააღმდეგ ჩაატარა და ძალიან დამაჯერებლად, 76:62 გაიმარჯვა. მატჩში უმნიშვნელოვანესი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც „მონაკომ“ მხოლოდ 2 ქულა დააგროვა, ხოლო „ოლიმპიაკოსმა“ – 27. თამაშის საუკეთესო ბომბარდირი ბერძნული გუნდის ლიდერი, ალექსანდრ ვეზენკოვი გახდა, ბულგარელმა 19 ქულა ჩააგდო.
უფრო დრამატულად განვითარდა მოვლენები მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში. დაძაბული სამი მეოთხედის შემდეგ „რეალმა“ „ბარსელონასთან“ უპირატესობა ბოლო ათწუთეულში მოიპოვა და საბოლოოდ 78:66 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კაბო ვერდეს ნაკრებისა და „რეალის“ ცენტრალური თავდამსხმელი, ვალტერ ტავარესი გახდა, მან 33 წუთში 20 ქულა ჩააგდო და 15 მოხსნა შეასრულა.
ევროლიგის ოთხთა ფინალის გადამწყვეტი შეხვედრა „ოლიმპიაკოსსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის 22 მაისს გაიმართება. იმავე დღეს ტურნრინის მესამე ადგილისთვის მატჩში „ბარსელონა“ “მონაკოს“ დაუპირისპირდება.