ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით ხუთ მილიარდ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით ხუთ მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი, სპეციალური დახმარების ფონდის მეშვეობით, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით ხუთ მილიარდ ევროს გამოყოფს.

„ფონდთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომისგან თავის დასაცავად, რაც არ უნდა დაგვჭირდეს და რამდენი დროც არ უნდა დაგვჭირდეს ამისთვის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირში განაცხადეს, რომ ეს თანხა დააფინანსებს სწავლებას და როგორც ლეტალურ, ისე არალეტალურ სამხედრო აღჭურვილობას. ასევე, გამოყენებული იქნება წევრი ქვეყნების მიერ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო მარაგის შესავსებად და დანახარჯების ასანაზღაურებლად.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.

დამტკიცებული ხუთი მილიარდი ევროს დამატება ნიშნავს, რომ ახლა ფონდის ზღვარი 2021-2027 წლებისთვის 17 მილიარდ ევროს შეადგენს.